ახალი წელი… (Volume XVIII)


უკვე მეთვრამეტე ახალ წელს ვხვდები… აქედან 3 არ მახსოვს, 2-ის ბუნდოვანი მოგონება შემომრჩა და ერთიც ფირზე ჩაწერილი ჩემი გაურკვეველი ლაპარაკის სახით არსებობს ჩემთვის… თუმცა ყველა ახალ წელს თან ახლდა თბილი ჯადოსნური, ზღაპრული მომენტი… ზოგჯერ 1 წუთი გრძელდებოდა, ზოგჯერ-10, ზოგჯერაც მთელი საათი, მაგრამ არც ერთი ახალი წელი არ ყოფილა ამ მომენტის გარეშე…

მახსოვს, ლამაზად შეფუთული საჩუქარი რომ გავხსენი და იქ ნანატრი “ჰარი პოტერი” რომ დამხვდა… ახალ წელს დამბლდორთან და ჰაგრიდთან ერთად შევხვდი… ზღაპრული იყო, აბა რა!
ისიც მახსოვს, მე და მაკნატუნამ თაგვების მეფე რომ დავამარცხეთ… მერე რა რომ სიზმარი იყო… ზღაპრული სიზმარი
ყოველ წელს ნაძვის ხის მორთვაც ხომ ერთი პატარა ზღაპარია… განსაკუთრებული რიტუალი, საახალწლო მუსიკის ფონზე…
საახალწლო ტელეპროგრამა ლამაზი ფილმებით და სერიალების გარეშე…
გრინჩი და უცნაურცხვირიანი ხალხი არანაკლებ უცნაური ვარცხნილობით…
და თუ ამ ყველაფერს თოვლიც დაემატა, მაშინ იდეალური ახალი წელი გამოვა.

ყოველთვის მაინტერესებდა რატომ იწვევდა ჩემში და სხვებშიც ასეთ გრძნობებს ახალი წელი. თითქოს, ერთი ჩვეულებრივი დღეა. რა მნიშვნელობა აქვს 31 დეკემბერი იქნება თუ 12 მარტი? მზე ხომ ყოველდღე ერთნაირად ამოდის და ჩადის? ახალ წელს სიმბოლური მნიშვნელობა ჩვენ მივანიჭეთ ალბათ იმიტომ, რომ გვჭირდებოდა ეს. იცით, თუ ყოველთვის ერთსა და იმავე რამეს ერთნაირად აკეთებ, ნელ-ნელა გეძინება და ასე ძილში აგრძელებ ცხოვრებას მანამ, სანამ რამე არ გამოგაფხიზლებს და სწორედ ამ დროს უნდა დაუბრუნდე იმ წერტილს საიდანაც დაიწყე, სადაც დაგეძინა, რომ ყველაფერი გამოასწორო და შეცვალო. ალბათ, ყოველ ახალ წელს ამ წერტილს ვუბრუნდებით და იმის გაცნობიერება, რომ კიდევ ერთი შანსი მოგვეცა, კიდევ ერთხელ გაგვაღვიძეს, ჩვენში ახალ და განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.

ახალ წელს განსაკუთრებულს არც საჩუქრები ხდის და არც ლამაზად გაწყობილი სუფრა. ამ დღის მთავარი ხიბლი იმის იდუმალ რწმენაშია, რომ ერთ დღესაც შენი ყველაზე დაფარული ოცნება აგიხდება. ამ დღეს ყველას სჯერა თოვლის ბაბუის, სანტა-კლაუსის, პაპა ნოელის, ბაბე ნატალესი, სილვესტრის… 6 მილიარდ ადამიანს ეს ერთი დღე აერთიანებს და გასაკვირიც იქნება მისი მაგიურობის რომ არ გჯეროდეს….

წელს თოვლის ბაბუას წერილს არ მივწერ, ჩემს გარდა კიდევ ბევრი ბავშვი ჰყავს მისახედი… არც სანტას შევაწუხებ, ჩემთან მოსვლას სჯობს შინ მალე დაბრუნდეს, ბუხარს მიუჯდეს და მისის კლაუსის გამომცხვარი შოკოლადის ნამცხვრით ჩაიტკბარუნოს პირი… ნამდვილად დაიმსახურა… მე კი წელს ისევ დაველოდები პოლარულ ექსპრესს… ვინ იცის, იქნებ ჩრდილოეთ პოლუსზეც ამოვყო თავი 🙂

Posted in ზოგადი | Tagged , , , , , , , , , , | 9 Comments

ამბავი მარწყვისა და ატმისა :)


დღეს ძველ ჩანაწერებში ვიქექებოდი და ორი ჩანახატი ვიპოვე. ხელოვნების გაკვეთილზე გვაძლევდნენ ხოლმე ასეთ დავალებებს და ჩვენც სიამოვნებით ვასრულებდით… სახალისო იყო 🙂 ერთხელაც დაგვავალეს რომ ჩანახატები უნდა დაგვეწერა რომელიმე ხილზე და თან გამოგვეყენებინა რაც შეიძლება ბევრი ეპითეტი და შედარება, თან უცნაური… ჰოდა ჩვენც დავწერეთ. უმეტესობას სისულელე გამოგვივდა, მაგრამ დღეს რომ ვიპოვე გამახსენდა ძველი დრო და გადავწყვიტე ბლოგზე გამოვაქვეყნებ-მეთქი.

***

დროულად გააღვიძეს… ჩამრგვალებულ_ჩაწითლებული მარწყვი მუქმწვანე ფოთლებს მოსწყვიტეს და მოწნულ კალათში ამოაყოფინეს თავი. იქ სხვა მარწყვებიც იყვნენ, მაგრამ ჩვენი მარწყვი სულ არ ჰგავდა მათ. აბროწებული, ხორხოშელა, ძვალ-რბილში სიტკბოგამჯდარი და სხვებზე ოდნავ სიმპათიური მარწყვი ამაყად დასცქეროდა სამყაროს მოწნული კალათიდან. ჯერ კიდევ რამდენი რამ ჰქონდა სანახავი…. ნახა ჩაპუტკუნებული ფერმერი, სახეზე დიიიდი, მწიფე ცხვირი რომ ჰქონდა დაკოფსებული, კიდევ მაღალ ფეხებზე აკოლიკებული საქათმე, აცქმუტებული, ლამაზთვალება ხბო, წვრილად დაწინწკლული, ფხვიერი კატა, აბრდღვინებულ-აყეფებული ძაღლი… მერე კიდევ რაღაც დაინახა, კარგად ვერ გაარჩია, აიწია… კიდევ…კიდევ და უცებ… ჯერ ეგონა დავფრინავო, გაბადრული და ახასხასებული მიაპობდა ჰაერს, მერე უცებ დგაფ! და თხევად, მოსქო ღრუბელში ჩავარდა… რძე მარწყვში ჩაიღვარა. მარწყვი გაიბერა, გაიპუნტა. რძე თბილი იყო და ფაფუკი. რძეში ჩამხობილ მარწყვს გააჟრჟოლა და ჩაეძინა…

***
გაგორდა და გავეკიდე… დიდხანს მაწვალა… არ მასვენებდა… კიბეზე დაგორდა_გავყევი, ორმოში ჩავარდა_ჩავყევი, კოკიმ წამართვა_გავეკიდე… შევუშვირე ჩემი ძუნძგლიანი, ამოგანგლული ატამი წყალს და შვებით ამოვისუნთქე… ყველაფერში დამნაშავე ჩემი გამოპენტერავებული მუცელი იყო… “ახლა ხომ ჩემი ხარ! სადღა გამექცევი?” ის იყო უნდა მომეკბიჩა, რომ გვერდიდან გაძეძგილი, მსუქანი ჭია ამოქანქარდა და გამიღიმა… შემეშინდა და ხელიდან გავაგდე, ვისღა ახსოვდა ატამი… ეჰ, ყველაფერს ხომ ბედი უნდა…

ატმის ამბავი კი ჩემს მეგობარს ეკუთვნის 🙂
ეჰ, მომენატრა ხელოვნების გაკვეთილები… 😦

Posted in ზოგადი | Tagged , , , , , , | 5 Comments

მე, ჯეინი და ელიზაბეტი

XVIII საუკუნის ინგლისში ცხოვრება ჩემი აუხდენელი ოცნებაა. როცა ხმაურისგან და აქეთ-იქით სირბილისგან ვიღლები წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვზივარ სადმე ინგლისის პროვინციაში მდგარი მყუდრო სახლის ფანჯარასთან, ან ამავე სხლში ფორტეპიანოზე ვუკრავ, ან უბრალოდ მინდორში ვზივარ და ვკითხულობ.  ჰო, ინგლისი ჯეინ ოსტინის რომანებიდან შემიყვარდა, აი, რომანები კი ფილმებმა შემაყვარა…

3-4 წლის წინ წარმოდგენაც არ მქონდა ვინ იყო ჯეინ ოსტინი, არც ინგლისზე ვოცნებობდი, მაგრამ შემდეგ “სიამაყე და ცრურწმენა” ვნახე, დამაინტერესა და შევეცადე მეტი რამ გამეგო ფილმის შესახებ. ასე აღმოვაჩინე ჯეინ ოსტინი და მისი რომანები. სამწუხაროდ, ქართული თარგმანი, ან არ არსებობს, ან მე ვერ ვნახე, ამიტომ 3 რომანი კომპიუტერის ეკრანზე ცხვირმიდებულმა წავიკითხე, მაგრამ ამად ღირდა. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ლამაზი ძველი ინგლისური ენითაა დაწერილი და მიუხედავად ამისა საკმაოდ ადვილი გასაგებია, გარდა ამისა წაკითხვის შემდეგ ახალი ოცნება გამიჩნდა და დედოფალი ვიქტორიას დროინდელ ინგლისში თუ არა ახლანდელ ინგლისში მაინც წავალ.

შეიძლება მოგეჩვენოს რომ ჯეინ ოსტინის რომანები ქორწინების თემას არ სცდება, მაგრამ რა გასაკვირია თუ ქორწინება ასეთი აქტუალურია მის ნაწარმოებებში, იმ დროისთვის ეს მართლაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ქალები ხშირად უსიყვარულოდ თხოვდებოდნენ მხოლოდ იმიტომ რომ საქმრო მდიდარი იყო. დედები გამალებით ცდილობდნენ შვილებისთვის კარგი ქმრები “ეშოვათ” და ხშირად მათ მაგივრადაც იღებდნენ გადაწყვეტილებებს. თუმცა მთლად ასეც არაა საქმე. გარდა ქორწინებისა, ჯეინ ოსტინის რომანებში გვხვდება ისეთი თემებიც, როგორიცაა: თაობათა შორის ურთიერთობები, ქალების ადგილი საზოგადოებაში, ოჯახური პრობლემები, კონფლიქტი სოციალურ ფენებს შორის… მოკლედ, მე რომ ლაპარაკი დავიწყო ძნელი იქნება ჩემი გაჩერება, ამიტომ დღეს მხოლოდ ერთ რომანზე ვისაუბრებ _ “სიამაყე და ცრურწმენა” (Pride and Prejudice)  _ იმიტომ რომ ეს რომანი პირველი იყო და განსაკუთრებით მიყვარს.

ყველას თუ არა უმეტესობას ალბათ ნანახი გაქვთ ამავე სახელწოდების ფილმი კირა ნაითლის მინაწილეობით. თუ ნანახი გაქვთ, მაშინ გეტყვით “გამარჯობა, მე ელიზაბეტ ბენეტი ვარ”. ჰმ, ამბიციური განცხადებაა არა? ვიცი, მაგრამ ვარ და რა ვქნა, უფრო სწორად, მინდა ვიყო 🙂 ჯეინ ოსტინი ძლიერ ქალებს ხატავდა, მათ ვინც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც აღწევდენ მიზანს (როგორც მოგხსენებათ, იმ დროში ეს საკმაოდ რთული იყო). ელიზაბეტი სწორედ ასეთი გმირია. თავად ჯეინ ოსტინი ამბობდა: ყველაზე მომხიბვლელი გმირია ჩემს გმირებს შორისო.

ელიზაბეტი ჭკვიანია, ენამახვილი, დამოუკიდებელი და უდავოდ გამორჩეულია რომანის პერსონაჟებს შორის. ეს თავიდანვე ადვილად შესამჩნევია. მე თუ მკითხავთ რომანის სათაურში ელიზაბეტი სიამაყეს წარმოადგენს. თავისი სურვილის გარეშე არავის აძლევს იმის უფლებას, რომ ზედმეტად დაუახლოვდეს, ირონიით გამოირჩევა (რაც ყველაზე მეტად მომწონს) მიუხედავად ყველაფრისა, იმდენად საინტერესო პიროვნებაა, რომ თვით სიამაყის განსახიერებას, მისტერ დარსისაც კი დაავიწყა ყველაფერი. თუმცა რომანის კითხვისას მომეჩვენა, რომ ელიზაბეტი ბევრად უფრო ამაყია ვიდრე მისტერ დარსი.

ლიზი არ არის იდეალური და არც ცდილობს იყოს. აკეთებს იმას, რაც უნდა და არ აინტერესებს რას იფიქრებენ სხვები. ერთი ხელის მოსმით ამსხვრევს სტერეოტიპებს. აი, ამიტომაც მიყვარს. მინდა წინ დავუჯდე და ველაპარაკო ხოლმე, მაგრამ აქაც მხოლოდ ჩემი წარმოსახვის იმედად უნდა ვიყო.

ამ რომანის ყველა ეკრანიზაცია ამქვს ნანახი და უნდა ვაღიარო, რომ არავინ ისე არ მოერგო ელიზაბეტის როლს, როგორც კირა ნაითლი. (კირას ჩემგან გულთბილი სალამი 🙂 ) სხვანაირი ელიზაბეტი ვერც წარმომიდგენია.

მოკლედ, თავს აღარ მოგაბეზრებთ და უბრალოდ გირჩევთ ვისაც ჯეინ ოსტინი წაკითხული არ გაქვთ წაიკითხეთ… აუცილებლად…

Posted in ლიტერატურა, ფილმები | Tagged , , , , , , , , , | 11 Comments

გააქრეთ…

გარეთ ისეთი ქარია გეგონება ანტიკურ ღმერთებს ბრძოლა გაუჩაღებიათ… ამაყი ზევსი და მრისხანე პოსეიდონი… რამდენი რამის დაწერა მინდა ახლა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ვერ ვალაგებ. ასე ქაოსურად დაქრიან ჩემი აზრები მაწვალებენ, არ მასვენებენ. ზოგჯერ წარმოვიდგენ საკუთარ თავს იასამნებით ხელში, ვხედავ როგორ მიგორავს წითელი ვაშლი თეთერ თოვლში, მესიზმრება რომ მივფრინავ, ვიღვიძებ და ისევ ლოგინს ვარ მიჯაჭვული… ო, როგორ მეზიზღება მიზიდულობის ძალა _ სამყაროს ყველაზე დიდი ბორკილი. ფრთები მინდა, მინდა იკაროსივით მზეს მივწვდე და მერე თუნდაც სული დავლიო იმ სიმოვნებით გაბრუებულმა რომ მე ზეცა ვიგემე.

გააქრეთ საზღვრები! გააქრეთ დრო! მინდა ვხედავდე როგორ ეგებება ლოტოსი მზის პირველ სხივს, მინდა პირველმა ვიგრძნო “ბოლეროს” რიტმი…

მე არ ვარ ერთი, მე ბევრი ვარ. ყოველ საღამოს სადღაც ვქრები და დილით, როდესაც იდუმალი ქალბატონი, სახელად ღამე, მოისხამს სიზმრის მოსასხამს და მზეს გაექცევა მე ისევ თავიდან ვიბადები, მერე ოცნებით ვიზრდები და საღამოს ისევ ვქრები რომ მეორე დღეს კვლავ დავიბადო…

როგორ მინდა ვცხოვრობდე წიგნის ფურცლებზე, მიყვარდეს, ვიცინოდე, ვიბრძოდე, ვკვდებოდე და წიგნის ყოველი გადაშლისას ისევ თავიდან ვცოცხლდებოდე, ვაღწევდე ადამიანთა გონებაში და ვხატავდე იქ ფერად სურათებს…

მინდა ვიგრძნო გაუცნობიერებელი, წამიერი ბედნიერება. აი, მთელ ტანში ჟრუანტელი რომ დაგივლის, მერე ერთ ადგილას შეშდები, პირში შოკოლადში ამოვლებული მარწყვის გემო გიჩნდება და გრძნობ რაღაც უცნაურს, გაუგებარს, მაგრამ ისე სასიამოვნოს, რომ მერე ამაოდ ცდილობ გაიხსენო. მთელი საღამო ჭამ შოკოლადში ამოვლებულ მარწყვს და როცა ძილის წინ მუცელში უსიამოვნო სიმძიმეს გრძნობ, ხვდები, რომ მთავარი მარწყვი კი არა სულ სხვა რამეა…

მინდა ვიგრძნო ყველა ღიმილი… მინდა გავაქრო ბზარები ყველა კედელზე… და ყველა გულში…

მინდა მოვწყვიტო წამი… ერთი… ორი… სამი… ოთხი და ასე დაუსრულებლად…

დაე იბრძოლონ ღმერთებმა და ქროდეს ქარი ოღონდ მომეცით ფრთები, გააქრეთ დრო, გააქრეთ საზღვრები… გააქრეთ…

Posted in ზოგადი | Tagged , , , , , , | 3 Comments

წერილი მეგობარს

როცა შენზე მეკითხებიან ვინააო გასაგებია რაც უნდა ვუთხრა: “ჩემი მეგობარი”, მაგრამ რომ არ გამომდის… ვიტყვი ხოლმე “ჩემი…” მერე ვჩერდები და საჭირო სიტყვას ვეძებ. ბოლოს კი გამოდის, რომ უბრალოდ “ჩემი” ხარ  : )

რაც არ უნდა უკან წავიდე მოგონებებში მაინც იქ ხარ, ხან მაბრაზებ, ხან მაწვალებ, ხან მამშვიდებ, ხან მეწუწუნები, ხანაც ხუმრობ, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც იქ ხარ შენი ეშმაკური ღიმილით. ვიცი შენი ხასიათი, ერთხელ მითხარი არ მიყვარს ჩახუტებები, მოფერებები და მსგავსი სისულელეებიო, მაგრამ მაინც, ვერავინ გამოხატავს იმდენ სითბოს, რამდენსაც შენ. ამიტომ არ სწყინდება არავის შენთან ყოფნა.  რაც თავი მახსოვს გიცნობ და ისე შეგეჩვიე, რომ ხანდახან ვფიქრობ 12 წლის წინ იქ რომ არ ყოფილიყავი, სადაც გაგიცანი, რა მოხდებოდა? ვინ მოვიდოდა შენს ადგილას? 12 წლის წინ იქ რომ არ ყოფილიყავი ვერც იმას გავიგებდი მანამდეც ასე ახლოს რომ ყოფილხარ და ეს 12 ზაფხულიც არ იქნებოდა ისეთი ხალისიანი, როგორიც იყო. ყველა დღეს ერთად ვატარებთ და ვხუმრობთ კიდეც რომ ერთმანეთის დანახვა აღარ გვინდა, მაგრამ როცა მირეკავ და სახლში პიცაზე მეპატიჟები ისე მოვრბივარ, თითქოს საუკუნეა არ მინახიხარ. არც გამემტყუნება, რა სჯობს იმ სიამოვნებას მე და შენი და პიცის ნაჭრებით ხელში ბალიშებზე რომ მოვკალათდებით და ჩვენებურად ვჭორაობთ შენ კი თავს გვაჩვენებ, თითქოს არ გვისმენ არადა ერთი სიტყვაც არ გეპარება 🙂

როგორ მიშლი ხოლმე ნერვებს ჩემს კომპიუტერს რომ მიუჯდები და გადაქექავ. ნეტავ რისი პოვნა გინდა, ხომ იცი რაც არ უნდა მინდოდეს რამის დამალვა მაინც ვერ მოვახერხებ. ჩემს “მოწონებულებს” რომ მიკრიტიკებ არც ეგ მეხატება გულზე და გეჩხუბები შენი მოსაწონი ვერავინ მოიძებნა-მეთქი არადა სინამდვილეში სულაც არ მწყინს, ჰო, ჰო, არ მწყინს, მაგრამ წესია რომ უნდა გეჩხუბო. ჩხუბს მე ვეძახი თორემ შენ ერთხელ იხუმრებ და მეც სულელივით ავხარხარდები ხოლმე. სულ გეუბნები ნუ სულელობ, ვეღარ უნდა გაიზარდო-მეთქი არდა ხომ ვიცი ჩემზე ასჯერ უფრო სერიოზული ხარ, უბრალოდ იცი როდისაა საჭირო სერიოზულობა და როდის არა.

გახსოვს 7 წლის რომ ვიყავით ჩემი “შეყვარებული” შენზე რომ ეჭვიანობდა? 🙂 დღემდე დამცინი იმ ბიჭის გამო. ის გახსოვს სოფელში ეზოდან დიდი ძაღლი რომ გამოგვიხტა ყეფით? მე შემეშინდა შენ კი ხელი მომკიდე და წინ გადამეფარე არადა შენც ხომ შეგეშინდა? იმის მერე ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩემს გვერდით იქნები და არასოდეს მეყოლება შენზე უკეთესი მრჩეველი.

თავი მოგაბეზრე არა? ვიცი რომ არ გიყვარს როცა შენზე ლაპარაკობენ და გინდა სადღაც გაიქცე ხოლმე, მაგრამ ისიც ვიცი რომ დადგება დღე, როცა ამ წერილს წაიკითხავ და არსად გაიქცევი. მეც იმ დღემდე გემშვიდობები…

სიყვარულით,
Daisy

Posted in წერილები | Tagged , , , | 3 Comments

გამიმართლა :)

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართულ სკოლებში უამრავი რამ შეიცვალა  საბჭოთა პერიოდის შემდეგ, თუმცა ჯერ კიდევ  შემორჩნენ ისეთი პედაგოგები, რომლებსაც ისევ გააჩნიათ ძველი ღირებულებები და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ საგანში ძალიან კარგი განათლება აქვთ, მაინც ვერ აკმაყოფილებენ დღევანდელი თაობის მოთხოვნებს. საბედნიეროდ, გამიმართლა და არაჩვეულბრივი პედაგოგები მასწავლიან.

არ ვიცი სხვაგან როგორაა, მაგრამ ჩემს კლასში ლიტერატურის გაკვეთილი ერთადერთია, სადაც ყველა ყურებდაცქვეტილი ზის 🙂 არ აქვს მნიშვნელობა უყვართ თუ არა წიგნები, ან კითხვა, ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ისეთი ცხარე კამათი იმართება, რომ… ამ ყველაფერს კი ნამდვილად მასწავლებელს უნდა ვუმადლოდეთ. რატომ? იმიტომ, რომ არასოდეს გვახვევს თავს საკუთარ აზრს, წაკითხული აქვს უამრავი წიგნი, უზომოდ უყვარს ლიტერატურა და ჩვენ 🙂 ყოველთვის გვეუბნება საუკეთესო კრიტიკოსები თქვენ ხართ, რადგან ვერავინ ვერასოდეს იფიქრებს და იტყვის იმას, რასაც თქვენ ამბობთო. ყოველთვის ყურადღებით გვისმენს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამს საკუთარ აზრს, რადგან თვლის, რომ ძალიან ხშირად ჩვენ უფრო კარგად ვიგებთ ნაწარმოებს ვიდრე მან გაიგო და ვინ იცის რამდენჯერ შეუცვლია შეხედულება ჩვენი მოსმენის შემდეგ. მერვე კლასიდან მოყოლებული ასეა, უკვე მეხუთე წელია გვაჩვევს თავისუფალ აზროვნებას და მუდმივად გვეუბნება, რომ არასოდეს უნდა შეგვეშინდეს საკუთარი აზრის გამოთქმის. გადარეულ ბიჭებსაც კი შეაყვარა კითხვა 🙂 მგონი ერთადერთი გაკვეთილია, რომლის დროსაც ზარის დარეკვა მათაც კი სწყინთ 🙂

წელს მეთორმეტე კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელოს რომ გადავხედე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. არა, სახელმძღვანელოები წინა კლასებშიც კარგად იყო შედგენილი, მაგრამ ამან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ქართველი მწერლების გარდა უამრავი უცხოელი მწერლის ნაწარმოებებია შესული. საიდან დავიწყო არ ვიცი. ფრანც კაფკა, ხალილ ჯიბრანი, ჯერომ სელინჯერი, მიხაილ ბულგაკოვი, ლევ ტოლსტოი… წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იქნება მათ ნაწარმოებებზე საუბარი ისეთ გარემოში სადაც ყველა დაინტერესებულია და თავისუფლად გამოთქამს საკუთარ აზრს.

დიდი სიამოვნება მელის წინ 🙂

P.S. სათაურად სხვა რამ აჯობებდა, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებ შესაფერის სათაურს

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , | 5 Comments

ვემშვიდობებით ბავშვობას? არა!

წინა პოსტში ვთქვი აბიტურიენტი ვარ-მეთქი და იმაზეც ვისაუბრე რა მაშინებდა და რაზე ვნერვიულობდი თუმცა ერთი რამე არ მითქვამს. ბავშვობასთან დამშვიდობების მეშინია. ადრე თუ გვიან ყველა ხომ ვიზრდებით არა? არ მინდა პრაგმატულ, რიგით ადამიანად ვიქცე რომელსაც სულ დაავიწყდა როგორი იყო ბავშვობაში, რას ფიქრობდა, რა უნდოდა. რომელსაც აღარ ესმის ბავშვების და აღარც უნდა ხოლმე მათთან ყოფნა. არადა რა განსხვავებაა დიდებსა და ბავშვებს შორის? ნოდარ დუმბაძეს დავესესხები და ერთ დროს ისინიც ხომ იყვნენ ჩვენხელა და ჩვენც ხომ გავხდებით მათი ხნის? თუ დავუკვირდებით ყველაფერი იმდენად პირობითია რომ ხშირად ჩვენი უგუნურება და უსუსურობა ღიმილისმომგვრელია. არადა ვიზრდებით და საზრუნავი გვემატება, პრობლემები, საქმე… და ვერც ვხვდებით როგორ გვეპარება ბავშვობა ნელ-ნელა. არადა თითქოს არაფერს ვკარგავთ… მეღიმება ხოლმე როცა ვხედავ როგორ მიყურებენ სკოლაში პატარები და მახსენდება რომ მეც ასე ვუყურებდი ხოლმე “დიდებს” არადა სულაც არ მედიდება ჩემი თავი ახლა. დიდი? რა სისულელეა… მე ხომ ისევ მიყვარს ვარდისფერი კაბები და ისევ მჯერა რომ ერთ დღესაც შეიძლება გავფრინდე. მიყვარს წვიმაში გუბეებში სიარული და ვიცი, თუ ცალ-ცალ წინდას ჩავიცვამ, სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გავხდები პეპი.
ადრე ზღაპრების წიგნს სხვები მიწერდნენ, ახლა მე ვწერ, მაგრამ მერე რა? ამ წიგნს ხომ ცხოვრება ჰქვია და მე ვიღაცისთვის ისევ პატარა პრინცესა ვარ, რომელსაც  სჯერა გაზაფხულის ჯადოსნობის. ისევ მიყვარს ბავშვურად, ჩემთვის და როცა თავს მარტოდ ვიგრძნობ ისევ ვკითხულობ ზღაპრებს. როგორ შეიძლება დაივიწყო წიგნები, რომლებიც ბავშვობას გითბობდნენ, ოცნებას გასწავლიდნენ. სწორედ ისინი ინახავენ ჩვენს ბავშვობას… და კიდევ დიდხანს შეინახავენ…
მერე რა, რომ ვიზრდები მე ისევ მჯერა რომ კარლსონი  ახლოს, ან შორს, მაგრამ სადღაც მაინც ცხოვრობს და მე მელოდება… ასე რომ ვემშვიდობები ბავშვობას? მე არა!..

და თქვენ???

Posted in ლიტერატურა, პირადი | Tagged , , , , , , , | 6 Comments