
უკვე მეთვრამეტე ახალ წელს ვხვდები… აქედან 3 არ მახსოვს, 2-ის ბუნდოვანი მოგონება შემომრჩა და ერთიც ფირზე ჩაწერილი ჩემი გაურკვეველი ლაპარაკის სახით არსებობს ჩემთვის… თუმცა ყველა ახალ წელს თან ახლდა თბილი ჯადოსნური, ზღაპრული მომენტი… ზოგჯერ 1 წუთი გრძელდებოდა, ზოგჯერ-10, ზოგჯერაც მთელი საათი, მაგრამ არც ერთი ახალი წელი არ ყოფილა ამ მომენტის გარეშე…
მახსოვს, ლამაზად შეფუთული საჩუქარი რომ გავხსენი და იქ ნანატრი “ჰარი პოტერი” რომ დამხვდა… ახალ წელს დამბლდორთან და ჰაგრიდთან ერთად შევხვდი… ზღაპრული იყო, აბა რა!
ისიც მახსოვს, მე და მაკნატუნამ თაგვების მეფე რომ დავამარცხეთ… მერე რა რომ სიზმარი იყო… ზღაპრული სიზმარი
ყოველ წელს ნაძვის ხის მორთვაც ხომ ერთი პატარა ზღაპარია… განსაკუთრებული რიტუალი, საახალწლო მუსიკის ფონზე…
საახალწლო ტელეპროგრამა ლამაზი ფილმებით და სერიალების გარეშე…
გრინჩი და უცნაურცხვირიანი ხალხი არანაკლებ უცნაური ვარცხნილობით…
და თუ ამ ყველაფერს თოვლიც დაემატა, მაშინ იდეალური ახალი წელი გამოვა.
ყოველთვის მაინტერესებდა რატომ იწვევდა ჩემში და სხვებშიც ასეთ გრძნობებს ახალი წელი. თითქოს, ერთი ჩვეულებრივი დღეა. რა მნიშვნელობა აქვს 31 დეკემბერი იქნება თუ 12 მარტი? მზე ხომ ყოველდღე ერთნაირად ამოდის და ჩადის? ახალ წელს სიმბოლური მნიშვნელობა ჩვენ მივანიჭეთ ალბათ იმიტომ, რომ გვჭირდებოდა ეს. იცით, თუ ყოველთვის ერთსა და იმავე რამეს ერთნაირად აკეთებ, ნელ-ნელა გეძინება და ასე ძილში აგრძელებ ცხოვრებას მანამ, სანამ რამე არ გამოგაფხიზლებს და სწორედ ამ დროს უნდა დაუბრუნდე იმ წერტილს საიდანაც დაიწყე, სადაც დაგეძინა, რომ ყველაფერი გამოასწორო და შეცვალო. ალბათ, ყოველ ახალ წელს ამ წერტილს ვუბრუნდებით და იმის გაცნობიერება, რომ კიდევ ერთი შანსი მოგვეცა, კიდევ ერთხელ გაგვაღვიძეს, ჩვენში ახალ და განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.
ახალ წელს განსაკუთრებულს არც საჩუქრები ხდის და არც ლამაზად გაწყობილი სუფრა. ამ დღის მთავარი ხიბლი იმის იდუმალ რწმენაშია, რომ ერთ დღესაც შენი ყველაზე დაფარული ოცნება აგიხდება. ამ დღეს ყველას სჯერა თოვლის ბაბუის, სანტა-კლაუსის, პაპა ნოელის, ბაბე ნატალესი, სილვესტრის… 6 მილიარდ ადამიანს ეს ერთი დღე აერთიანებს და გასაკვირიც იქნება მისი მაგიურობის რომ არ გჯეროდეს….
წელს თოვლის ბაბუას წერილს არ მივწერ, ჩემს გარდა კიდევ ბევრი ბავშვი ჰყავს მისახედი… არც სანტას შევაწუხებ, ჩემთან მოსვლას სჯობს შინ მალე დაბრუნდეს, ბუხარს მიუჯდეს და მისის კლაუსის გამომცხვარი შოკოლადის ნამცხვრით ჩაიტკბარუნოს პირი… ნამდვილად დაიმსახურა… მე კი წელს ისევ დაველოდები პოლარულ ექსპრესს… ვინ იცის, იქნებ ჩრდილოეთ პოლუსზეც ამოვყო თავი


დაგორდა_გავყევი, ორმოში ჩავარდა_ჩავყევი, კოკიმ წამართვა_გავეკიდე… შევუშვირე ჩემი ძუნძგლიანი, ამოგანგლული ატამი წყალს და შვებით ამოვისუნთქე… ყველაფერში დამნაშავე ჩემი გამოპენტერავებული მუცელი იყო… “ახლა ხომ ჩემი ხარ! სადღა გამექცევი?” ის იყო უნდა მომეკბიჩა, რომ გვერდიდან გაძეძგილი, მსუქანი ჭია ამოქანქარდა და გამიღიმა… შემეშინდა და ხელიდან გავაგდე, ვისღა ახსოვდა ატამი… ეჰ, ყველაფერს ხომ ბედი უნდა…
XVIII საუკუნის ინგლისში ცხოვრება ჩემი აუხდენელი ოცნებაა. როცა ხმაურისგან და აქეთ-იქით სირბილისგან ვიღლები წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვზივარ სადმე ინგლისის პროვინციაში მდგარი მყუდრო სახლის ფანჯარასთან, ან ამავე სხლში ფორტეპიანოზე ვუკრავ, ან უბრალოდ მინდორში ვზივარ და ვკითხულობ. ჰო, ინგლისი ჯეინ ოსტინის რომანებიდან შემიყვარდა, აი, რომანები კი ფილმებმა შემაყვარა…
გარეთ ისეთი ქარია გეგონება ანტიკურ ღმერთებს ბრძოლა გაუჩაღებიათ… ამაყი ზევსი და მრისხანე პოსეიდონი… რამდენი რამის დაწერა მინდა ახლა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ვერ ვალაგებ. ასე ქაოსურად დაქრიან ჩემი აზრები მაწვალებენ, არ მასვენებენ. ზოგჯერ წარმოვიდგენ საკუთარ თავს იასამნებით ხელში, ვხედავ როგორ მიგორავს წითელი ვაშლი თეთერ თოვლში, მესიზმრება რომ მივფრინავ, ვიღვიძებ და ისევ ლოგინს ვარ მიჯაჭვული… ო, როგორ მეზიზღება მიზიდულობის ძალა _ სამყაროს ყველაზე დიდი ბორკილი. ფრთები მინდა, მინდა იკაროსივით მზეს მივწვდე და მერე თუნდაც სული დავლიო იმ სიმოვნებით გაბრუებულმა რომ მე ზეცა ვიგემე.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართულ სკოლებში უამრავი რამ შეიცვალა საბჭოთა პერიოდის შემდეგ, თუმცა ჯერ კიდევ შემორჩნენ ისეთი პედაგოგები, რომლებსაც ისევ გააჩნიათ ძველი ღირებულებები და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ საგანში ძალიან კარგი განათლება აქვთ, მაინც ვერ აკმაყოფილებენ დღევანდელი თაობის მოთხოვნებს. საბედნიეროდ, გამიმართლა და არაჩვეულბრივი პედაგოგები მასწავლიან.
წინა პოსტში ვთქვი აბიტურიენტი ვარ-მეთქი და იმაზეც ვისაუბრე რა მაშინებდა და რაზე ვნერვიულობდი თუმცა ერთი რამე არ მითქვამს. ბავშვობასთან დამშვიდობების მეშინია. ადრე თუ გვიან ყველა ხომ ვიზრდებით არა? არ მინდა პრაგმატულ, რიგით ადამიანად ვიქცე რომელსაც სულ დაავიწყდა როგორი იყო ბავშვობაში, რას ფიქრობდა, რა უნდოდა. რომელსაც აღარ ესმის ბავშვების და აღარც უნდა ხოლმე მათთან ყოფნა. არადა რა განსხვავებაა დიდებსა და ბავშვებს შორის? ნოდარ დუმბაძეს დავესესხები და ერთ დროს ისინიც ხომ იყვნენ ჩვენხელა და ჩვენც ხომ გავხდებით მათი ხნის? თუ დავუკვირდებით ყველაფერი იმდენად პირობითია რომ ხშირად ჩვენი უგუნურება და უსუსურობა ღიმილისმომგვრელია. არადა ვიზრდებით და საზრუნავი გვემატება, პრობლემები, საქმე… და ვერც ვხვდებით როგორ გვეპარება ბავშვობა ნელ-ნელა. არადა თითქოს არაფერს ვკარგავთ… მეღიმება ხოლმე როცა ვხედავ როგორ მიყურებენ სკოლაში პატარები და მახსენდება რომ მეც ასე ვუყურებდი ხოლმე “დიდებს” არადა სულაც არ მედიდება ჩემი თავი ახლა. დიდი? რა სისულელეა… მე ხომ ისევ მიყვარს ვარდისფერი კაბები და ისევ მჯერა რომ ერთ დღესაც შეიძლება გავფრინდე. მიყვარს წვიმაში გუბეებში სიარული და ვიცი, თუ ცალ-ცალ წინდას ჩავიცვამ, სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გავხდები პეპი.
